„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, ამ არჩევნების შედეგად ერთპარტიული მმართველობა მივიღეთ, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე სახელმწიფოსთვის წამგებიანია. ხუხაშვილის აზრით, ეს დიდწილად საზოგადოების ბრალია, რომელიც გადაწყვეტილებას ყოველთვის ემოციურად იღებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს იყო კარგად გაყიდული არჩევნები, სადაც იმან გაიმარჯვა, რომელსაც უფრო მეტი ფული ჰქონდა.
ხუხაშვილის განცახდებით, კალაძეს ორი ალტერნატიული არჩევანი აქვს. მას თეორიულად, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ან პარტიული და კლანური მმართველობის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს. ის ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ შანსებსაც აფასებს და ამბობს, რომ მის სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ხედავს.
„მეტრონომი“: როგორ აფასებთ თვითმმართველობის არჩევნებს და როგორ ფიქრობთ, ქვეყნისთვის და თავად ხელისუფლებისთვის ერთპარტიული მმართველობა რამდენად კარგია?
გია ხუხაშვილი: რა თქმა უნდა, ერთპარტიული მმართველობა, რომელიც ყველა გადაწყვეტიელბას დამოუკიდებლად კონტროლის გარეშე მიიღებს, არც ქვეყანას და არ ხელისუფლებას არ წაადგება. როდესაც მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პარტიის ხელში ხვდება, ყველაზე მეტად იმისთვის არის სახიფათო, ვინც ამ პასუხისმგებლობას იღებს. მითუმეტეს, თანამედროვე სამყაროში, სადაც პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება პრულარიზმზეა დამოკიდებული.
მისი დადებითი გარემოება კი იმაში მდგომარეობს, რომ პრულარიზებულ საზოგადოებას ორთქლის გამოშვების და პასუხისმგებლობის გადანაწილების საშუალება ეძლევა. ხოლო ყველაფერი, როდესაც ერთ ხელშია მოქცეული, ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი.
პერსპექტივა რამის არჩევნების გზით შეცვლის, ნელ-ნელა კვდება. ეს სიტუაცია კი აუცილებლად ქვეყანაში კრიზისის ჩამოყალიბებით და რევოლუციური განვითარებით სრულდება. ეს არის უნივერსალური კანონი, რომელიც საქართველოში უკვე 25 წელია მოქმედებს და ერთი წრეზე ვტრიალებთ.
ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია სხვადასხვა მეთოდებით სრულად ხელში მოიქციოს, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და ფინანსური ნაკადების კონტროლი. გვახსოვს სხვადასხვა ეტაპზე, უფრო მკაცრ მეთოდებსაც მიმართავდნე. ჭკუა ვერავინ ისწავლა. ძალაუფლებისკენ დაუოკებული ლტოლვა, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გააკონტროლა. საკუთარ თავს კითხვას კი არ უსვამენ ამ ტვირთის ზიდვა შეუძლიათ თუ არა. ძალაუფლების მონოპოლიზაცია სისტემას ეფექტურბას აკარგვინებს და ქვეყანა ვერ განვითარდება. განვითარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, როდესაც პოლიტიკური კონკურენცია არსებობს. ამის გარეშე ხელისუფლება ჭაობში ეფლობა და იძირება.
– როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება ავტორიტარული გადაწყვეტილებების მიღების გზას დაადგება?
– ამ დროს ხელისუფლებას ორი ვარიანტი აქვს, ავტორიტარულ გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ რეალობისგან დისტანცირებას ახდენს და ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს, ან არაფერს აკეთებს. ამ ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ ორივეა დამახასიათებელი. ის მიდრეკილია კაბინეტში იჯდეს და ეძინოს. ხოლო თუ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, არავის აზრს არ ეკითხება. მაგალითად, კონსტიტუციის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში კარგად გამოჩნდა, სადაც გადაწყვეტიელბა ერთპარტიულად იქნა მიღებული.
– არჩევნების ასეთი შედეგების მიღება ვისი ბრალია, თქვენ ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებთ?
– ყველას ბრალია და განსაკუთრებით საზოგადოების. ქართველები ამ წლების განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ ავირჩიოთ და პირველ მოსახვევამდე დავიძინოთ. ხოლო როცა მივხვდებით, რომ მოტყუებულები ვართ, მერე რევოლუციებს ვიწყებთ. ჩვენ ხომ მუდმივად ამ წრეში ვტრიალებთ. სტაბილურ და რაციონალურ განითარებაზე ამ ქვეყანაში არჩევანი ვერ კეთდება. ყოველთვის გადაწყვეტილებას ემოციებზე ვიღებთ.
– ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლით ვნახეთ, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების ყველა კანდიდატი დაამარცხა. როგორ ხედავთ ახლა ელისაშვილის პოლიტიკურ მომავალს და ეს შედეგი მან რაში უნდა გამოიყენოს?
– არ მგონია, ელისაშვილს რამე გრძელვადიანი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეს. ქალაქის მერი მისი ლოგიკური არჩევანი იყო. მისი ფენომენი არა იმდენად მისი დამსახურებაა, არამედ იმ რეალობის, რომელშიც დღეს ქვეყანა და ქალაქი იმყოფება. ყველაფერი იმდენად ჩამყაყებულია და მოსახლეობას პარტიების იმდენად აღარ სჯეროდა, რომ ნებისმიერ რაღაცას ეჭიდებოდა. სწორედ ელისაშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც ამ მანკიერ წრეში არ ტრიალებდა და ამ ჭაობში არ ჩაეფლო. არ იყო პარტიული და კლანური ვალდებულებებით დატვირთული.
მისი შედეგი ამის გამო იყო მაღალი. არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული მონაცემებით იყო დატვირთული. ის იყო ის ხავსი, რომელსაც რეალური არჩევნების მოსურნე ადამიანები მოეჭიდნენ. სიმართლე გითხრათ, მის რეალურ პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ. ახლა გვაქვს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელ მათგანში აქვს მას პერსპექტივა?
გამომდინარე იქიდან, რომ ის არ არის გუნდური მოთამაშე და ორგანიზაციულ სისტემას ვერ ააშენებს, შესაბამისად ლოკალური პროექტი შეიძლება სცადოს. როდის იქნება ეს, ძნელი სათქმელია. ვიღაცები შეეცდებიან, რომ ის პოლიტიკურ თამაშში ჩაითრიონ და მისი გამოყენება მოახერხონ, თუ ელისაშვილი ამაზე წავა, ეს ძალიან ცუდი იქნება. მისი შესაძლო პარტიული მოძრაობები, მას არაფერში არ წაადგება.
– „რუსთავი 2“-ზე გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. როგორ შეაფასებთ ნიკა გვარამიას ქმედებას და ასევე ხელისუფლების რეაქციას, რომელმაც ამ ეგზიტპოლების შემდეგ გამარჯვება იზეიმა?
– არ შევალ ამ მოვლენის ღრმა ანალიზში და არც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბრებ. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ეს იყო ტრაგიკომედია, ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ზე გამოცხადებული ეგზიტპოლებისგან განსხვავებით, რეალურად ბევრად ნაკლები პროცენტი ჰქონდა აღებული. ამაზე შეგვიძლია გავიცინოთ, სატირელი რომ არ იყოს. სხვა რაიმე შორს მიმავალ დასკვნებისგან თავს შევიკავებ.
– ამ არჩევნების შედეგად, შეიძლება 2020 წლის არჩევნებისთვის რაიმე სახის დასკვნების ან პროგნოზის გაკეთება?
– ეს არჩევნები რაიმე ინდიკატორად განხილული ვერ იქნება. გვქონდა წმინდა რესურსების არჩევანი, ანუ ეს იყო გადახდილი და გაყიდული არჩევნები. გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა და დიდად არ ანაღვლებდა ვინ გაიმაჯვებდა, ყველაფერს ფული წყვეტდა. ვინც კარგად გადაიხდიდა იმაზე გაიყიდებოდა. ვისკენაც იყო რესურსი შედეგიც იმან მიიღო.
საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოებას კიდევ ერთი ტესტი აქვს ჩასაბარებელი. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები, რის შემდეგაც 2020 წლის არჩევნებზე რაღაც სახის პროგნოზის გაკეთება შეგვეძლება. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ სერიოზული ოპონენტი მიიღო, ამ შემთხვევაში მომავალი საპარლამენტო არჩევნები მისთვის პრობლემატური იქნება.
– როგორ ფიქრობთ, როგორი პოლიტიკური ფიგურა იქნება კალაძე, შეძლებს თუ არა ის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს?
– მას ორი ურთიერთსაპირისპირო გზა აქვს, ჯერჯერობით ის უფრო ფეხბურთელია ვიდრე ლიდერი, მაგრამ მას აქვს შანსი, რომ ეს სიტუაცია შეატრიალოს. ნამდვილ ლიდერად მაშინ ჩამოყალიბდება, როდესაც ის შეძლებს, რომ ფეხბურთელი კალაძე ჩაანაცვლოს პოლიტიკოსმა კალაძემ. ის შეიძლება იგივე სისტემაში დარჩეს, რასაც კლანური და პარტიული მმართველობა ჰქვია, ან საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვის იბრძოლოს. რა გზას დაადგება, ეს მასზეა დამოკიდებული.
– კალაძეს აქვს შანსი, რომ ეს არჩევანი გააკეთოს? მისცემენ მას ამის უფლებას?
– თეორიული შანსი აქვს და პრაქტიკულად რა მოხდება, ამას მხოლოდ შემიძლია, რომ დავაკვირდე და წინასწარ არ ვისაუბრო.
ავტორი: ელზა პაპოშვილი