არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2020 წლამდე ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არაფერი არ შეიცვლება”

“სრულიად უიმედოა იმაზე ფიქრი (ახლაც და ზოგადადაც), რომ ადგილობრივი არჩევნებით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაა შესაძლებელი”,- ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“ახლა კი, არჩევნების შედეგებზე:
1. სრულიად უიმედოა იმაზე ფიქრი (ახლაც და ზოგადადაც), რომ ადგილობრივი არჩევნებით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაა შესაძლებელი. სუსტი თვითმმართველობის და დემოკრატიის ქვეყნებში, ეს წარმოუდგენელი აბსურდია და საქართველოს ისტორიაშიც პრეცედენტი არა აქვს. ამიტომ, ძალიან ნუ ჩამოგტირით სახე, ოპოზიციონერებო, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ნაცმოძრაობამაც მოიგო 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები მთლად 60%-ით თბილისში და ბევრად მეტით რეგიონებში. 2 წლის მერე რაც მოხდა, ვიცით.
2. დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დაგვეჭირა მხარი და მსგავსი თეზები, არის საკუთარი პარტიის დაკნინება (მით უფრო თუ ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ხარ) და სრულ წინააღმდეგობაშია პარტიული განვითარების და პოლიტიკური ბრძოლის ელემენტარულ ლოგიკასთან. მით უფრო, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი და როგორც პირველ პუნქტში ვთქვი, რეალობა ვერ შეიცვლება. საარჩევნო კოალიციები ადგილობრივ არჩევნებზე – კიდევ უფრო ინფანტილური ამბავია და ღრმა პოლიტიკური არასერიოზულობა (მოდით შევქმნათ ბლოკი და გავიყვანოთ ჩვენი მერი – არც გამიგია მსგავსი ამბავი ნორმალურ ქვეყანაში).
3. ზოგადნაციონალური არჩევნების მოგება, ხალხის მხარდაჭერასა და ძლიერი პარტიული სტრუქტურის გარდა (რაც სრულიად აუცილებელია და ამ არჩევნებზე ოპოზიციას ნამდვილად აღმოაჩნდა, მათივე პესიმიზმის მიუხედავად), შეუძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გარეშე (რაც ამ არჩევნებზე, ოპოზიციას, ძირითადად, არ აღმოაჩნდა). ლოგიკა – ივანიშვილს მაინც უფრო მეტი ფული აქვს, არ მუშაობს. საარჩევნო ბაზარი (და ნებისმიერი ბაზარი) გაიწოვს ფულის ზღვრულ რაოდენობას, ეს ერთი. და ხელისუფლების (მით უფრო, ისეთი ცუდის, როგორიც ჩვენი) მოწონება ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე ოპოზიციის და ზოგჯერ, შუძლებელიცაა ნებისმიერ ფულად.
4. 2020 წლამდე ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არაფერი არ შეიცვლება, სრულიად დარწმუნებული ვარ. ელისაშვილის გამოჩენა მერობის კანდიდატად, სპორადული გამონაკლისია, სპეციფიურად მერობისთვის დამახასიათებელი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიული გაგრძელება პოვოს – ელისაშვილში ამის არც ადამინურ რესურსს ვხედავ, არც მატერიალურს ვვარაუდობ და არც ჩემი დაკვირვებით, ელექტორალური იკითხება (თბილისში 17% მკაფიოდ თბილისზე ორიენტირებულ პოლიტიკოსზე არაფერს განსაუთრებულს არ ამბობს, როგორი ხბოს აღტაცებასაც არ უნდა აფრქვევდნენ საკუთარი გაწბილების შესანიღბად მისი მომხრეები. რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ, სადაც იკითხება თუ არა ალეკო, ჩემთვის საერთოდ უცნობია).
თუმცა, არც იმას ვფიქრობ, რომ ივანიშვილის დამარცხებას რაიმე სერიოზული ცვლილება სჭირდება პოლიტიკურ ძალებში. არა. საჭიროა მეტი მუშაობა და მეტი ფული. და მაშინ ეგზიტპოლიც მოსაწონი იქნება.”-წერს გვარამია.

ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა დანიშნული. გარდა ამ საკითხისა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ზოგადად, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.

იტვირთბა....