ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც, სპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის დათვლილია.
”დათვლილია ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის მერის ოქმების დიდი ნაწილიც. ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმება და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არა უგვიანეს 11 ნოემბრისა. შეჯამების შემდეგ, ცესკო არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, პროპორციული არჩევნებისთვის 3644 საარჩევნო უბნიდან, 3638 უბნის მონაცემები არის დათვლილი.
”წინასწარი მონაცემები არის შემდეგი (გაგაცნობთ იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს 3%-იანი ბარიერი): #2 ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო – 10.5%, #5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17.05%, #8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6.55%, #10 შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 3.27% და #41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 55,66%”, – აღნიშნა ცესკო-ს სპიკერმა.