NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ანგარიში წარმოადგინა. როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნების შედეგით “სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა”.
“ასეთ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა”, – განაცხადეს NDI-ის დამკვირვებლებმა.
ორგანიზაციის დამკვირვებლები ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს თანაბარი უფლება ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, ორგანიზაციამ რამდენიმე ხარვეზი მაინც დააფიქსირა, როგორიცაა, კომისიის წევრების მიერ პროცედურების უცოდინრობა და ასევე კონკრეტულ პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლების ხმების დათვლის პროცესში ჩარევა.
რაც შეეხება მმართველი პარტიის დომინირებას, NDI-ში ფიქრობენ, რომ “ქართულ ოცნებას” ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კანდიდატებს შორის კონკურენტუნარიანი გარემო იყო, მსგავსი მდგომარეობა დამკვირვებლებს რეგიონებში არ დაუფუქსირებიათ.
“როდესაც მმართველი პარტიის წევრები მედიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად ასაღებენ თავს, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ამან შესაძლოა შეაფერხოს სამართლებრივი პროცესები საარჩევნო უბნებზე”- განაცხადეს NDI-ში.