ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: გამარჯვებამდე რამდენიმე საათი დარჩა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამარჯვებამდე რამდენიმე საათიღა დარჩა და ამომარჩეველს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს – გააქტიურდით, მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობას. გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....