ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: ჩვენი უპირველესი ინტერესი არის ის, რომ არცერთ უბანზე გაყალბება არ მოხდეს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლების უპირველესი ინტერესი ხმების არგაყალბებაა. ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებდა, რომ არ გაეყალბებინა არჩევნები.

“ჩვენი უპირველესი ინტერესი არის ის, რომ არ იქნას დაშვებული არსად, არცერთ უბანზე გაყალბება” – აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების მიერ ჩატარებული რამდენიმე არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებში არსად არ არის საუბარი გაყალბებაზე.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის სადმაკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები, როდესაც ბოლო წლებში, ყველა არჩევნებთან მიმართებაში, ცალსახად არის ნათქვამი, რომ არჩევნები ტარდება თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში და გაყალბებეზე იქ საუბარი არ არის არცერთ ანგარიშში. დღეს, თვითმმართველობის არჩევნებშიც, სახელისუფლებო გუნდის მთავარი მიზანი და მოტივაციაც არის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ, წინასწარი კვლევებითაც გვაქვს დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. შესაბამისად ჩვენი უპირველესი ინტერესი არის ის, რომ არ იქნას დაშვებული არსად, არცერთ უბანზე გაყალბება და ეს ასეც იქნება, არსად არ მოხდება არანაირი გაყალბება. არჩევნები ჩატარდება მშვიდ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თანაბარ პირობებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....