ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: “საარჩევნო უბანზე ვერავინ ვერ დაადგენს თუ ვის მისცეს ხმა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟუაშვილის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ფიქსირდება დარღვევები.

ბეჟუაშვილის თქმით, დარღვევებზე საჩივრები იწერება, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიხედვით, საარჩევნო უბნებზე მყოფი „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები არჩევნების ფარულობის პრინციპს არღვევენ.

„პრაქტიკულად წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს თბილისში არჩევნები. ასეთი დარღვევა უპრეცედენტოა და არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, იმყოფებიან საარჩევნო უბანზე, „ბოქაულებივით“ ადგანან თავზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში რეგისტრაციის ნომერს. აქამდე ასეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა არც ერთ არჩევნებზე. ეს ეტყობა რაღაც ახალი მოგონილია „ქართული ოცნების“ მიერ. ამის მიზანია მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე, რათა მოხდეს აღრიცხვა თუ ვინ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მისცეს თუ არა მათ ხმა და ვინც არ მოსულა ისინი იძულებით მოიყვანონ არჩევნებზე. ეს არის არჩევნების ფარულობის უხეში დარღვევა, რაზეც ცესკოს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. მოვუწოდებთ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს პოზიცია ამ დარღვევაზე. ნუ იმალება პრესსპიკერის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკან“, – განაცხადა ბეჟაშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული დარღვევების ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგენს.

ლევან ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” პარტიული წარმომადგენლების მიერ ფარულობის პრინციპის დარღვევისა, ვერავინ დაადგენს თუ ვის მისცეს ამომრჩევლებმა ხმები.

„მივმართავთ ამომრჩეველებს, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ზეწოლისა, საარჩევნო უბანზე ვერავინ ვერ დაადგენს თუ ვის მისცეს ხმა“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ბეჟუაშვილმა ასევე ისაუბრა მე-13 უბანზე არჩევნების ბათილად გამოცხადების საფუძველზე, რომ შესაძლოა საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს.

„მე-13 უბანზე არ არის შესული ამ წუთამდე მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიულეტენი. ეს არის არჩევნების ბათილობის საფუძველი კონკრეტულად ამ უბანზე და კონკრეტული საჩივარი უკვე დაწერილია. ასევე ბოლნისში მე-20 უბანზე თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და სცემეს. ის მოუწოდებდა საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაცია არ მოეხდინათ, რაზეც გაღიზიანდნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე თავდასხმა მოხდა ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ბარძიმაძეზე. მას ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზოია ბალიაშვილის შვილი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....