ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა.
საია-ს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა. ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის არაერთი შემთხვევა, ძირითადად თბილისში კონკრეტულად კი დიდუბის #6 , ნაძალადევის #61, #70, #13, მთაწმინდის #4 უბანზე, კრწანისის #19, დიდუბის #35 და #36 უბნებზე დაფიქსირდა.
“ახალგაზრდა იურსისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
„დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. თუმცა, ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა (ძირითადად თბილისში). ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტების „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუადოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს. დაფიქსირების შემდეგ, კონტროლი განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საია ასევე საუბრობს წილისყრის პროცედურების დარღვევებზე და გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამ დრომდე საია-ს დამკვირვებლებმა 6 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.