საია-ს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ადამიანური რესურსის გამოყენების ფაქტები მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მისი თქმით, 2017 წლის 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრის პერიოდში 9 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაფინანსებული ადამიანების ჯგუფური მობილიზება კითხვის ნიშნებს აჩენს.
„კვლავ ფიქსირდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაფინანსებული ადამიანების ჯგუფური მობილიზება და დასწრება სხვადასხვა ღონისძიებებზე. ფორმალურად შეიძლება ითქვას, რომ ყველა შემთხვევაში ეს არ იყო კანონის დარღვევა, მაგრამ ყოველთვის ჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს ატარებდა კოორდინირებულ ხასიათს და ამ შემთხვევაში ადამიანებს არ გამოუხატავთ თავისუფალი ნება, მათი პირადი სურვილი არ იყო პარტიულ ღონისძიებებზე დასწრება. ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ბაღების საქმე, როდესაც ორგანიზბული ფორმით ხდებოდა ადამიანებზე ზეწოლა, რომ მათ კონკრეტული მოქმედებები განეხორციელებინათ მმართველი პარტიის სასარგებლოდ. აუცილებელია, ყველა ამ ფაქტზე მოხდეს რეაგირება და არ დარჩეს განცდა, რომ დარღვევები რჩება რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
როგორც ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშშია ნათქვამი, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების (სკოლების, საბავშვო ბაღების პედაგოგების, ააიპ-ების თანამშრომლების) ჯგუფურ დასწრებას მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, რომლებმაც საგანმანათლებლო პროცესების პოლიტიზირების რისკები შექმნა.