არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბოლო შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევაში სხვა დარღვევებთან ერთად აღსანიშნავია ბაღების სკანდალი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, დირექტორები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება რადგან ეს შემთხვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“სამართლიან არჩევნებში” აცხადებენ, რომ დმანისში ყურანზე დაფიცებით ადგილობრივებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები არჩევნებზე მხარდაჭერის დადასტურებას სთხოვდნენ.
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებობა ყველას თანაბრად არ ეძლევა და არც წინასაარჩევნო გარემოა მშვიდი.
„ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდი მაგალითად ზეწოლა-მუქარის ქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდს თუ შევხედავთ, ბოლო პერიოდის ტენდენციებს თუ გამოვკვეთავთ ამ ბოლო ანგარიშში მოცემული ფაქტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია და თუნდაც 2014 წელს, ან 2016 წელს ან 2013 წელს მათშორის ბოლო ანგარიშებში დაფიქსირებული ფაქტების რაოდენობას აღემატება,“-განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
მისივე თქმით კვლავ ფიქსირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. კვლევა, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა 26 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.