ე.წ. ციანიდის საქმის სამივე პროკურორი – ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი პროკურატურამ გამოკითხა. პროკურატურამ ისინი რამდენიმე კვირის წინ დახურული სასამართლო პროცესებიდან მედიასივრცეში მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხა. პროკურორების გამოკითხვის დეტალები არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, საქმის გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის 6 ადვოკატი გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე, მიხეილ რამიშვილი, პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და ეკა ლომიძე დაიბარეს გამოკითხვაზე. ყველა მათგანმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის შემდეგაც ისინი მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატებმა არც სასამართლოში გასცეს პასუხები პროკურატურისათვის საინტერესო კითხვებს.
თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ სასმართლოს თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. ციანიდის საქმეში.
„ციანიდის საქმის“ გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი