ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან დასრულებულია. საპროტესტო აქცია დასრულდა სტიკერების გაკვრით, რომელზეც ივანიშვილის გამოსახულება იყო, წარწერით – “ფაროსანა”.
“გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად” ეს იყო დღევანდელი აქციის ლოზუნგი. “ენმ”-ს მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდა.
აქციის დასრულებამდე, “ენმ”-ს მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
“ჩემო ძვირფასებო, 5 დღეში ჩვენ შევცვლით ამ ქვეყანაში ვითარებას”.- განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის გარდა, “ენმ”-ს სხვა ლიდერებმაც მიმართეს შეკრებილ ადამიანებს და ყველას 21 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ, არჩევნები გაყალბდება, “ენმ” ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქციების გამართვას აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთი და პუშკინის სკვერის ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადაეცა.
ფოტო: პირველი რადიო