ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “ქართული ოცნების” წევრ ბენო ქაშაკაშვილსა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გადაცემის დასაწყისში ოპონენტები მერობის კანდიდატების რეიტინგებსა და სხვადასხვა კვლევას შეეხნენ, რაც მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ბენო ქაშაკაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, სუსტი ჯგუფით არის წარმოდგენილი.
“ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ცნობადი სახე ზალიკო უდუმაშვილი. მისი გაკეთებული საქმეებით ის ვერ იტრაბახებს. ზალიკოს ყველაზე დიდი პოტენციალი იქნებოდა, თუ ის მოყვებოდა, რაც მოხდა “რუსთავი 2”-ზე, წილების “ახევის” პროცესი რომ დაეფიქსირებინა, გაცილებით მეტი ამომრჩეველი ეყოლებოდა. თუნდაც გაერთიანდეს ყველა ოპოზიციური ძალა, იგი ვერ მივა მეორე ტურამდე”- განაცხადა ბენო ქაშაკაშვილმა.
მან ლევან ხაბეიშვილს პირადად მიმართა და ეჭვქვეშ დააყენა მისი კომპეტენტურობა.
“თქვენ მოგიძველდათ მეთოდები, თქვენ ხართ ძალიან დაბალი დონის, ლევან, როგორც რესპოდენტი, არასდროს არგუმენტებს არ ეყრდნობით, უბრალოდ ეყრდნობით, რომ ზაალი ყველაზე ჭკვიანია და გადახვედით ერთი პარტიიდან მეორეზე, რომელსაც გააფთრებით იცავდით და ამბობთ, რომ “რუსთავი 2” ყველაზე სამართლიანი ტელევიზიაა. ერთ პერიოდში სამართლიანობის აღდგენა გინდათ, მეორე პერიოდში კი ამბობთ, რომ “რუსთავი 2”-ის “ახეულ” წილებს ვერ დავაბრუნებთო. ცხოვრებაში ღვინის ჭიქაზე მძიმე ხელში არ გჭერიათ და თქვენ როგორ მკადრებთ, რომ აზრზე არ ხარო”- მიმართა ქაშაკაშვილმა ხაბეიშვილს.
ლევან ხაბეიშვილი კი დარმწუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური აუცილებლად გაიმართება და მისი გუნდის წარმომადგენელს, ზალიკო უდუმაშვილს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.
“დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური იქნება. თუ ვინმეს სირაქლემას პოზაში უნდა ყოფნა და ამბობს,რომ მეორე ტური არ იქნება და ან ერთ ან მეორე პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ყველაზე დიდი შანსი აქვს გამარჯვების პირველივე ტურში მოიგებს, ეს ოცნებების სფეროდანაა. ზოგადად, “ოცნების” წარმომადგენლებს უყვართ არამიწიერი განცხადებების გაკეთება.” – განაცხადა ხაბეიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კომენტარი ასევე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატზე – ალექსანდრე ელისაშვილზე გააკეთა.
“ელისაშვილი შეიძლება ხვალ გახდეს თბილისის მარგველაშვილი, რომელსაც არ ეყოლება გუნდი. იგი ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ზემოქმედებას ვერ ახდენს.” – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ოპონენტებმა საარჩევნო დაპირებებზეც იკამათეს. ხაბეიშვილმა გააკრიტიკაა “ქარული ოცნების” მერობის კანდიდატი კახი კალაძე და აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ შესრულებულა ის დაპირებები, რასაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს აჯერებდა. მისი თქმით, “ამას აღარავინ აღარ შეჭამს.”
ხაბეიშვილის კრიტიკას მოჰყვა უმრავლესობის წარმომადგენლის, ბენო ქაშაკაშვილის განმარტება იმაზე თუ რატომ ვერ ხორციელდება წინასაარჩევნო დაპირებები არჩევნების შემდგომ.
“კალაძე თქვენი მასხრად ასაგდებია? ჯერ მისი ბიოგრაფია წაიკითხეთ და მერე ილაპარაკეთ. თუ უმრავლესობის საარჩევნო დაპირებები შეფერხებულია, ეს ისევ ოპოზიციის მიდგომების გამო ხდება, – ოღონდაც რამე არ გამოვიდეს, ხელს უშლიან” – აცხადებს ქაშაკაშვილი.
შეგახსენებთ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.