აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ და მისმა შვილმა საქართველო დატოვეს. ინფორმაციას მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი და ჟურნალისტის ოჯახის მეგობარი, აზერბაიჯანლი აქტივისტი დაშგინ აღალარლი ადასტურებენ. მათი განცხადებით, მუსტაფაევამ და მისმა შვილმა საქართველო დღეს დილით დატოვეს და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრნენ. თუმცა რომელ ქვეყანაში ადვოკატი არ აკონკრეტებს.
ლეილა მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, თბილისში ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მუხთარლის გატაცების შემდეგ, მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს უცხო პირები უთვალთვალებდნენ და მათი გატაცების საფრთხეც არსებობდა.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ქართულმა გამოძიებამ აზერბაიჯანულ მხარეს აფგან მუხთარლის დაკითხვის თხოვნითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე თხოვნას გამოხმაურება არ მოჰყოლია.მუხთარლის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. აფგან მუხტარლის საქმეზე ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო.