ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან კიდევ 25 იპოვეს

ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან კიდევ 25 იპოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერმა ყველა პირს მოუწოდა, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიაწოდოს.

„მოგეხსენებათ, რომ 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბევრი ოჯახი ელოდება თავიანთ საყვარელ ადამიანებს, არ იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მოხერხდა ის, რომ 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ. დღეს უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ ამ რიცხვს შეემატა კიდევ 25 ოჯახი. ასობით ოჯახი კი, 20 წელიწადზე მეტია, დღესაც ეძებს მათ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, მიაწოდოს ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. მათი ოფისი არის მოსაშვილის #24-ში, თბილისში. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სრული უფლება აქვს, დაიცვას მიწოდებული ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ამ ორგანიზაციას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წითელ ჯვარს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....