საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, სიცრუისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ის ძალიან საგულდაგულოდ გაუფრთხილდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. მისივე თქმით, დასრულდა ის დრო, როდესაც სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას ახერხებდნენ.
„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს. სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს სხდომის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად. ვფიქრობ, ეს სიცრუეც ყველამ დაინახა. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მინდა, მათაც კარგად იცოდნენ, რომ დასრულდა ის ხანა, როდესაც წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად და მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის.
„ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის 12 მონაწილე დააკავეს.
ოპოზიცია თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, სადაც პუშკინის ქუჩის ტერიტორიის მიმდებარე ნაწილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ერთ ლარად გადაეცა.