“ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, იხურება კოლეგიური ორგანოს, საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომლის საჯაროობა, მონაწილეობის ყველა მსურველისათვის კანონითაა გარანტირებული. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე პროვოკაციებისა და არეულობის პრევენციას ასახელებს. ინფორმაციას დროა.გე ავრცელებს.
“კანონმდებლობის მიხედვით, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხდომის დახურვა ემსახურება პერსონალურ მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დასაიდუმლოებას.
კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.
საკრებულოს თავჯდომარის განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ სხდომის დახურვის მოტივი კანონით გათვალისწინებულ მიზნებს არ ემსახურება, შესაბამისად, სხდომა იხურება უკანონოდ, რაც ნებისმიერი მასზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია”, – ნათქვამია განცხადებაში.
საია თბილისის საკრებულოს მოუწოდებს “თაბორი რიზორთსა” და “თბილისი სითის” მიწის ნაკვეთები არ გადასცეს.
საკრებულოში ამ საკითხების განხილვაზე დასწრებას ევროპული საქართველოს წევრები მოითხოვდნენ, თუმცა შენობასთან მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ მისცა.
29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.