ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია: თბილისის საკრებულომ „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები არ უნდა გადასცეს

საია თბილისის საკრებულოს მოუწოდებს “თაბორი რიზორთსა” და “თბილისი სითის” მიწის ნაკვეთები არ გადასცეს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. 

“საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან („პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთი სასტუმრო) არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად უნდა განხორციელდეს. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

მიგვაჩნია, რომ თბილისის საკრებულომ მხარი არ უნდა დაუჭიროს თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი განკარგულებებისა და ხელშეკრულებების პროექტებს შემდეგ გარემოებათა გამო:

– თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 4 ოქტომბრის #37.10.715 განკარგულებიდან ირკვევა, რომ შპს „თაბორი რიზორთსი“, საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ანვითარებს გოლფის მოედნებს, მრავალნომრიან ხუთვარსკვლიან სასტუმროს და რეკრეაციულ ზონას. კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი 4433 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემა უკავშირდება სარწყავი-სადრენაჟე სისტემის დამხმარე ტექნიკური ნაგებობის მოწყობას. საიას ხელთ არებული ოფიციალური დოკუმენტაციით, აღნიშნული პროექტის განხორცილება „თაბორი რიზორთსის“ მხრიდან თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში არსებულ ტერიტორიას მოიცავს.

– პროექტის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში განხორციელება დასტურდება საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს მოწოდებული ოფოციალური დოკუმენტით (რუკა), სადაც თბილისში არსებული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაა აღნიშნული. ასევე ზონის დამატებითი სარეკომენდაციო საზღვარი. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მსგავსი პროექტების ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში განხორციელება დაუშვებელია;

– თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 4 ოქტომბრის #37.10.716 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შპს „თბილისი სითის“ მიერ, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე არსებული პროექტის ფარგლებში მშენებარე სასტუმროსათვის საჭირო მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად გაურკვეველია, თუ იგივე მიზნებისათვის რატომ უნდა გადასცეს თბილისის თვითმმართველობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში კომპანიას;

– „თბილისი სითის“ მხრიდან 1 ლარად ქონების საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ, არანაკლებ 30 მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება, არ წარმოადგენს – „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მქონე შემთხვევას, როგორც ეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებაშია წარმოჩენილი;

– „მაღალი საზოგადოებრივ ინტერესის“ სახელით, კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა არის დაუსაბუთებული და ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რაციონალურად განკარგვას.

მოვუწოდებთ თბილისის საკრებულოს, იხელმძღვანელოს და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და მხარი არ დაუჭიროს თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი განკარგულებების და ხელშეკრულებების პროექტებს. ასევე, გაითვალისწინოს საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული ინტერესი და უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალობა”, – წერია განცხადებაში.

საკრებულოში ამ საკითხების განხილვაზე დასწრებას ევროპული საქართველოს წევრები მოითხოვენ, თუმცა შენობასთან მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.

იტვირთბა....