ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ გ.ვ.-ს კონფლიქტი ჰქონდა ამავე სოფელში მცხოვრებ ზ.გ.-სთან. 2017 წლის 12 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  გ.ვ. სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან, სადაც ზ.გ.-ც მივიდა, რაზეც გ.ვ. განაწყენდა, ზ.გ გარეთ გაიხმო, ავტომანქანიდან ამოიღო სანადირო თოფი და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზ.გ-ს დამიზნებით ესროლა გულმკერდის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.გ ადგილზე გარდაიცვალა”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გ.ვ. 2017 წლის 13 მაისს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 

იტვირთბა....