ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლიტველი დეპუტატი: ნატო-ში საქართველოს წევრობაზე საუბარი ნაადრევი არ არის

ლიტველი დეპუტატი რასა იუკნიავიჩენე თბილისში სუამ-ის დაფუძნების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება. მისი განცხადებით, ნატო-ში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი ნაადრევი სულაც არ არის: “რაც უფრო მალე მიიღებს საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმას, მით უფრო უკეთესი იქნება ნატო-სთვის და რუსეთის შეკავების პოლიტიკას ხელს შეუწყობს.” ამის შესახებ დეპუტატი 1tv-სთან ინტერვიუში საუბრობს.

რასა იუკნიავიჩენეს მოსაზრებით, უკრაინამ და საქართველომ საკუთარი პოზიციები ბოლომდე უნდა დაიცვას.

“მე, როგორც ლიტველი დეპუტატი განსხვავებულად ვფიქრობ. ჩემი აზრით, არსებული სიტუაცია უფრო ახდენს რუსეთის პროვოცირებას, ვიდრე ნატოს მკაფიო და მტკიცე სტრატეგია. მსჯელობა მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. საქართველომაც და უკრაინამაც მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ, არ უნდა დანებდნენ და გააკეთონ ყველაფერი მიზნის მისაღწევად. მთავარია, რომ ევროპული ქვეყნების პოლიტიკურმა მოსაზრებებმა თქვენი იმედგაცრუება არ გამოიწვიოს”, – აცხადებს რასა იუკნიავიჩენე.

დეპუტატი იქვე აღნიშნავს, რომ თუ საქართველო ევროპული ოჯახისა და დემოკრატიის ნაწილი არ გახდება ამით რუსეთი გაიმარჯვებს.

“ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. განსაკუთრებით ყირიმის არალეგალური ანექსიის შემდეგ. ყირიმის ანექსიამდე, რუსეთმა აგრესიული ნაბიჯები გადადგა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, 2008 წელს ყველამ ვერ გაანალიზა, რომ საქართველოსთან ომით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპა ახალი რეალობის წინაშე დადგა.

ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციამ ყველა შოკში ჩააგდო. საბედნიეროდ, დაიწყო მსჯელობა ნატო-სა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების უფრო რეალისტურ მიდგომაზე. ნატოს სურდა და სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ მოხდა რუსეთის დემოკრატიზაცია. ჩვენ სხვა რეალობის და გამოწვევების წინაშე ვართ”, – განაცხადა ლიტველმა დეპუტატმა.

იტვირთბა....