„ევროპული საქართველოს“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე უცნობმა პირმა იარაღით მუქარა განახორციელა, – ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ღვინიაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, უცნობი პირი მაჟორიტარ ნოდარ ეჟიშვილს იარაღის გამოყენებით დაემუქრა.
გიორგი ღვინიაშვილმა მიმართა სამართალდამცავ უწყებას. მისი თქმით, ადგილზე მყოფებმა დააფიქსირეს ავტომობილის ნომერი, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა.
“ამ დანაშაულის გახსნა ხელისუფლებისთვის არის საათების საქმე და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ეს პიროვნება იყოს მკაცრად დასჯილი. დღეს ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას” არავითარი გზავნილი არ აქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, არანაირი გზავნილი მათ სიღარიბესეთან დაკავშირებით, მათი გზავნილი არის მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის დაშინება, რომ მათ სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება და ასევე დაშინება ადამიანების, რომ არ მოვიდნენ არჩევნებზე,”-განაცხადა ღვინიაშვილმა.
თელავში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სამართალდამცველების ცნობით, ოპერატიულად დადგინდა პირის ვინაობა და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ “ევროპული საქართველოს“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაკითხვიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ნოდარ ეჟიშვილი ინფრომაციას, რომ, თითქოსდა, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უცნობმა პირმა იარაღის მუქარით წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა, არ ადასტურებს.
თუმცა აცხადებს, რომ ,,აღმოჩენილია ავტომობილი, რითაც უცნობმა პირმა იარაღის მუქარის შემდეგ მიმალვა სცადა. როგორც ვიცი, საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით აღიძრა. დეტალებზე პოლიციის თანამშრომლები ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით მოგვაწვდიან. “- აღნიშნა ნოდარ ეჟიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატის, ლელა მენთეშაშვილის განცხადებით, უცნობი პირი პარტიის წევრებს იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა.