თუ გსურთ საკუთარი ბიზნესის მართვა და კონტროლი, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩაატაროთ აუდიტი, რათა შეცდომები ძვირად არ დაგიჯდეთ. არ არსებობენ უშეცდომო ადმიანები, მათ შორის თქვენი ბუღალტრებიც ადამიანები არიან. აგრეთვე ზოგჯერ ახალი ბიზნესი საჭიროებს ნებართვებს/ლიცენზიებს, რაც ამ პროცესს შედარებით ართულებს.
ამიტომ კომპანიის მდგრადობასა და განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის წინაშე არსებული რისკების შეფასებას და მინიმუმადე შემცირებას. როგორ ვმართოთ ჩვენი ბიზნესი, ამის შესახებ „მეტრონომი“ აუდიტორიული კომპანიის „Audit & Consulting Group“-ის პარტნიორს ირაკლი მაღრაძეს ესაუბრა.
მაღრაძის განცხადებით, ყველა კომპანიას სჭირდება როგორც რისკების შეფასება, აგრეთვე აუდიტორული შემოწმება. მისი თქმით, საგადასახადო აუდიტი არის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ.
„მეტრონომი“: კონკრეტულად რა მიმართულებებს მოიცავს თქვენი კომპანია?
ირაკლი მაღრაძე: ჩვენი კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს საქართველოს აუდიტორულ და საკონსულტაციო ბაზარზე, კომპანია სპეციალიზირებულია საერთაშორისო გადაზიდვების, ნავთობპროდუქტების საცალო და საბითუმო რეალიზაციის მქონე კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტსა და საბუღალტრო მომსახურებაზე, რომელთა ფინანსური აღრიცხვიანობა სპეციფიკურია და მოითხოვს მრავალი ნიუანსის ცოდნას.
-თქვენი აზრით, რა ტიპის პრობლემები იკვეთება ამ სფეროში და ამ პრობლემების გადაჭრის რა გზები არსებობს?
-ბოლო წლებში, ამ სფეროში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა დახვეწა აღრიცხვიანობის წარმოება, რამაც შეამცირა სხვადასხვა რისკები. თუმცა, რჩება საკითხები, რომელთა დახვეწაც აუცილებელია.
მაგალითად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით საგადასახადო ორგანოს ეძლევა უფლება პირის საგადასახადო ვალდებულება (შემოსავლები) განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით, თუ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გააჩნია სამართალდარღვევის ორი ან მეტი შემთხვევა.
დიდი კომპანიების შემთხვევაში, რომლებსაც გააჩნიათ რამოდენიმე ათეული ავტოგასამართი სადგური და ასეულობით სალარო-აპარატი თითქმის შეუძლებელია თავიდან აიცილოს ისეთი სამართალდარღვევა როგორიცაა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა.
ასეთ შემთხვევაში არაპიდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი განსხვავებული იქნება კომპანიის რეალური შემოსავალისაგან და გამოიწვევს არასამართლიან დაჯარიმებას და გადასახადის გადამხდელის უკმაყოფილებას. შესაბამისად უნდა დაიხვეწოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მოთხოვნები და შესაბამისაობაში მოვიდეს რეალობასთან.
-რამდენად ობიექტური და სამართლიანია საგადასახადო ორგანოს დამოკიდებულება გადასახადის გადამხდელისადმი?
-საგადასახადო ორგანოს დამოკიდებულება გადასახადების გადამხდელის მიმართ ბევრად ობიექტური და სამართლიანი გახდა. საგადასახადო აგენტისათვის მარტივია საგადასახადოს თანამშრომლებთან ურთიერთობა და საკუთარი სიმართლის მტკიცება.
-ეკონომიკის ექსპერტები ჩივიან, რომ საგადასახადო კოდექსის ხშირი ცვლა არ შეიძლება, რადგან ამ ცვლილებებს ბიზნესი ფეხს ვერ უწყობს. საბუღალტრო ხარვეზებზე საუბრისას, ფიქრობთ თუ არა, რომ ხშირად პრობლემა საგადასახადო კოდექსშია?
-საერთაშორისო გამოცდილებით საგადასახადო კოდექსი ყველა სფეროზე და მიმართულებაზე უნდა იყოს მორგებული, რის გამოც იგი ვერ იქნება მოკლე და მარტივად აღქმადი.
ვინაიდან დროთა განმავლობაში მოთხოვნები და ბაზარი იცვლება შესაბამისად საჭიროა საგადასახადო კოდექსშიც შევიდეს ცვლილებები, თუმცა ამ ცვლილებების განსახორციელებლად და შესასწავლად გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაბამისი დრო და წლის განმავლობაში უნდა იყოს განსაზღვრული ის თარიღები, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება ცვლილებები.
– რა ცვლილებები შეიმჩნევა აუდიტის სფეროში და როგორ უნდა ამაღლდეს კლიენტის ნდობის ფაქტორი აუდიტისადმი?
-აუდიტის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონი, რომელიც მკაცრად განსაზღვრულ მოთხოვნებს უყენებს აუდიტორულ სერვის და შეამცირებს ბაზარზე არაკვალიფიციური კადრების არსებობას. ზემოაღნიშნული კანონის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აუდიტორებისა და აუდიტორული კომპანიების კვალიფიკაციის ამაღლებას, მაგრამ უპირველესად აუდიტის დამკვეთი და მომხმარებელი საზოგადოებაა და სანამ ქვეყანაში არ განვითარდება ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი აუდიტის სერვისზეც სრულფასოვანი ინტერესი არ იქნება, ჯერ ჯერობით კლიენტი მხოლოდ საგადასახადო თვალსაზრისით ჩატარებულ აუდიტზე აყენებს მოთხოვნას.
-თქვენი აზრით, რა ტიპის პრობლემები იკვეთება ამა თუ იმ კომპანიაში?
-კომპანიებში ყველა პრობლემა ძირითადში დაბალი ხარისხის მენეჯმენტის გამო არის გამოწვეული, საქართველოს ეკონომიკის განვითარება დღეს უკვე ქართულ კომპანიების მათ მენეჯმენტზე გადის, რამდენად შესწევთ ძალა მათ და მოახერხებან თავიანთ საწარმოებში მკაცრი გრძელვადიანი განვითარებადი მმართველობითი სისტემების დამკვიდრებას, რამდენად კონკურენტ უნარიანი იქნებიან საერთაშორისო ბაზარზე დრო გვიჩვენებს, ჩემი აზრით, პირველ რიგში აუცილებელია ”მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის” შეცვლა, რომელიც უფრო მკაცრ მოთხოვნებს დაუყენებს კომპანიებს და ბიძგს მისცემს მათ განვითარებას, დაამკვიდრებს კორპორაციული მართვის კოდექსის მოთხოვნებს.
ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო. პრიორიტეტი უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი ქართული კომპანიის ფასიანი ქაღალდები უნდა კოტირებდეს უცხოეთის საფონდო ბირჟებზე, რათა ჩავერთოთ მსოფლიო ეკონომიკის ფერხულში. აი მაშინ გაჩნდება საქართველოში აუდიტის მხრივ სრულფასოვანი ინტერესი.