ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ არიევმა გაავრცელა და მან სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც გამოაქვეყნა.
არიევის ინფორმაციით, 9 ოქტომბერს ასამბლეის სხდომაზე აგრამუნტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ფინალური კენჭისყრა იყო დაგეგმილი, თუმცა აგრამუნტმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
აგრამუნტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის რჩება ასამბლეის წევრად, როგორც ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი.
პედრო აგრამუნტის გადადგომის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ის რუსული სამთავრობო თვითმფრინავით სირიაში, ბაშარ ასადთან ჩავიდა. ამ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ხმაური მოჰყვა. აგრამუნტიმ სხდომათა დარბაზიც კი დატოვა. პედრო აგრამუნტის სირიის პრეზიდენტთან შეხვედრას რუსეთის დუმის დეპუტატი ესწრებოდა.