ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ზამთრის კურორტებზე დასვენება გაძვირდება

წელს ზამთრის კურორტებზე მომსახურების საფასური მოიმატებს.
ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რამდენი ლარით გაძვირდება პაკეტები, თუმცა მოსალოდნელ ცვლილებაზე სასტუმროების წარმომადგენლები უკვე ალაპარაკდნენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, გაძვირდება როგორც მსხვილი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მომსახურება. ამის მიზეზად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები რეგიონებში გაზის გაძვირებას ასახელებენ, რასაც ლარის გაუფასურების ფაქტორიც ემატება. თუ გავითვალისწინებთ, რომ დენისა და წყლის გადასახადის მატების საფრთხეც არსებობს, მომსახურების ფასის გასაზრდელად ყველა პირობაა შექმნილი.

ადგილობრივი მოქალაქეებისთვის საქართველოს მთიან კურორტებზე დასვენება ისედაც ძვირი სიამოვნება იყო და ხალხს ამ მხრივაც წლევანდელ სეზონზე კიდევ უფრო გაუჭირდება.

ქვეყნის წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასების გადახედვა ნამდვილად მოუწევთ. მათი უმეტესობა ადასტურებს, რომ ტურისტებს დასვენება გაუძვირდება.

გუდაურში მდებარე სასტუმრო “თრუსოს” წარმომადგენელი ლევან კარიკაშვილი ამბობს, რომ ფასების შენარჩუნების მცირე შესაძლებლობაც არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღება “იძულებით მოუწევთ”.

“გაძვირდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მოსახლეობა დღითი დღე გრძნობს. იძულებული ვართ, ფასი გავზარდოთ, არსებული ტარიფით საქმიანობის გაგრძელებას აზრი არ აქვს, წაგებაზე ხომ არ უნდა ვიმუშაოთ? ფასების შენარჩუნებასთან დაკავშირებით კითხვაც არ უნდა დაისვას, მდგომარეობა დღესავით ნათელია. როცა კომუნალური გადასახადი მატულობს, ავტომატურად ძვირდება ყველაფერი. ვერ დამისახელებთ მომსახურების ვერც ერთ სეგმენტს, სადაც ფასი არ გაზრდილა.

ცხადია, ვემზადებით, მოგვიწევს ცვლილება, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რამდენი ლარით აიწევს ფასი, დავითვლით და ვნახავთ. სამზადისი ზამთრის ტურიზმისთვის არ დაგვიწყია, რადგან ზაფხულის სეზონი ამ ეტაპზეც გრძელდება. გაივლის რამდენიმე კვირა, შედეგს შევაჯამებთ და მერე დავიწყებთ თადარიგს მორიგი სეზონისთვის”, – ამბობს ლევან კარიკაშვილი.

მომსახურების გაძვირება იგეგმება ბაკურიანშიც, სადაც მიზეზად ასევე კომუნალური გადასახადის გაძვირება სახელდება. საოჯახო ტიპის სასტუმროს წარმომადგენელი თეო ჯოხაძე ამბობს, რომ მომსახურების ფასს ვერ შეინარჩუნებენ.

“მაქსიმალურად ვცდილობდით ძველი ფასის დატოვებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაძვირება გადავწყვიტეთ. შარშან ჩვენს სასტუმროში დასვენების საწყისი ფასი 35 დოლარი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ გაზი გაძვირდა, კურსიც გამუდმებით მერყეობს და ფასმა ყველაფერზე მოიმატა, ხარჯიც ბევრი გვაქვს. ამიტომ მომსახურებას ცოტათი გავაძვირებთ. დამსვენებლისთვის ეს არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ სხვა არჩევანი ამ ეტაპზე არ გვაქვს”, – ამბობს თეო ჯოხაძე.

გაძვირების თადარიგს იჭერენ სვანეთის სასტუმროებშიც, სადაც მომსახურების საფასურის ცვლილებისთვის ემზადებიან. მესტიაში, სოფელ ჩაბიანში, მდებარე საოჯახო
სასტუმროს მფლობელი მაია ქალდანი აცხადებს, რომ ზამთარში ტურისტებს ძველი ფასით ვერ მოემსახურებიან.

“ჯერ არ გაგვიძვირებია, ზაფხულში ფასის შენარჩუნება შევძელით, მაგრამ ზამთრის სეზონზე ეს წარმოუდგენელია. ახლა მთლიანად სეზონის გახსნაზე ვართ ორიენტირებული, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური პროცესებია, განსაკუთრებით ლართან დაკავშირებით, რომ სტაბილურობის განცდა არ გვაქვს. სიმართლე გითხრათ, არც ტურისტების გააქტიურების იმედია. უფრო მაინც უცხოელ დამსვენებლებს ველოდებით, ადგილობრივები ისედაც ცოტანი არიან ხოლმე”, – ამბობს ქალდანი.

რაც შეეხება ტარიფებს, საოჯახო ტიპის სასტუმროებში ნომრის დაქირავება დღეში, სერვისის შესაბამისად, 30 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. მსხვილი სასტუმროების შემთხვევაში გადასახადი 150-200 დოლარიდან იწყება და მომსახურების ხარისხის კვალდაკვალ მატულობს. ახალი წლის პერიოდში, როგორც წესი, დამსვენებელს ჩვეულებრივზე მეტი თანხის გადახდა უწევს.

ავტორი: მარი ჩიტაია

გაზეთი “რეზონანსი”

იტვირთბა....