ექიმებს კვალიფიკაციის დასადასტურებლად, შესაძლოა, სერთიფიცირების გავლა მოუწიოთ, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
ზოიძის თქმით, სახელმწიფოს მიდგომაა, სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე გააკეთოს აქცენტი და არა იმაზე, რომელი ექიმი დაისაჯოს და სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდეს.
სტატისტიკური მონაცემით, 2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 157 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, ხოლო 67-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა.
“20 ათასამდე ექიმი გვყავს საქართველოში. მოქმედი, აქტიური ექიმი 12 ათასია და აქედან 67-ს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება. ეს საერთო რაოდენობის 1 პროცენტიც არ არის. ჩემი აზრით, უფრო მეტი სამედიცინო შეცდომა ხდება, მაგრამ აქ უკვე ეფექტიანობის სისტემაზეა საუბარი. ყველას ვერ დასჯი, ძირითადად, მაინც სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე უნდა იყოს აქცენტი და არა რეაგირება ამ შეცდომაზე, რომ დავსაჯოთ ექიმი, შევუჩეროთ სერტიფიკატის მოქმედება, დავაყენოთ მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი“, – აცხადებს ზოიძე. სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ კანონზე, ძალიან მასშტაბური კანონპროექტი იქნება, სადაც დელიკატური საკითხებიც შევა. 2000-იან წლებში იყო მსგავსი სისტემა, მაგრამ კორუფციის წყაროდ იქცა და იმის ნაცვლად, რომ სისტემა გაესწორებინათ, გააუქმეს. მომავალ წელს დიდი შანსია, რომ კანონიც გვქონდეს, მაგრამ ამისთვის პარლამენტმაც უნდა დაგვიჭიროს მხარი” – განაცხადა ზოიძემ.