ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეუთოს წარმომადგენელი: “აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო”

ეუთოს წარმომადგენლის  არლემ დეზირმას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების აფგან მუხთარლის შემდეგ, მას საქართველოში უსაფრთხო გარემოს არსებობაზე ეჭვი გაუჩნდა.

„მუხტარლის გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია, ვინაიდან აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო“, – ამის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში არლემ დეზირმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას შეხვდა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“  ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში არლემ დეზირმა მედიის კუთხით საქართველოში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა ინტერნეტთან წვდომის და თავისუფლად გამოყენების ნაწილში, თუმცა გამოთქვა კრიტიკა „რუსთავი 2“-ის და აფგან მუხთარლის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

ვიზიტისას დეზირი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იყო მედიის თავისუფლება საქართველოში და ამ კუთხით განვითარებული მოვლენები.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....