ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რატომ გაწირეს დეკანოზი გიორგი მამალაძე: კუკავა ამბობს, რომ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ვერ გარისკეს

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაწირეს მას შემდეგ, რაც პატრიარქმა საპატრიარქოში, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ერთ ჯგუფს ქონების მართვის უფლება ჩამოართვა და მეორე სასულიერო პირს გადასცა.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე აცხადებს, რომ პატრიარქმა ქორეპისკოპოს იაკობს საპატრიარქოში ქონების მართვის უფლება ჩამოართვა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს გადასცა, რომელიც როგორც კუკავა ამბობს, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან იყო დაახლოებული.

როგორც კუკავამ „მეტრონომს“ განუცხადა, სწორედ ამის მერე დაიწყო პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ძიება, რადგან  უშუალოდ მეუფე დიმიტრიზე ვერ გარისკა და მასთან დაკავშირებული სასულიერო პირი დააკავა.

„ფაქტები ის არის, რომ  რაც დღეს დადასტურებულია და თავის დროზე არ გახმაურებულა, კათოლიკოს პატრიარქმა ჩამოართვა ერთ კონკრეტულ იერარქს ქონების მართვის უფლება და გადასცა მეორე სასულიერო პირს, რომელიც მეუფე დიმიტრისთან იყო დაახლოებული. ეს  ზუსტად ვიცით, ფაქტია.

ასევე ფაქტია, რომ მაშინვე ამ სასულიერო პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის ძიება. ფაქტია, რომ ეს სასულიერო პირი დღეს ციხეში ზის და მუდმივად კეთდება ხელისუფლებასთან დაახლოებული უფლებადამცველების მიერ მინიშნება მეუფე დიმიტრიზე.

თვითონ მეუფე დიმიტრიმაც დაადასტურა ეს, რომ მის თავზე იკრიბება შავი ღრუბლები. გარდა ამისა, ფაქტია, რომ მთავრობასთან დაახლოებული ერთ-ერთი ტელევიზია მეუფე დიმიტრიზე, სინოდის წევრებზე და საპატრიარქოზე ამზადებს ნეგატიურ სიუჟეტებს“ – განუცხადა „მეტრონომს“ კახა კუკავამ.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, რომელმაც კახა კუკავას აღნიშნულ მოსაზრებას აფსურდი უწოდა. მისი თქმით, მტკიცებულება ვისზეც იყო, ის დააკავეს და ამ საქმეში მეუფე დიმიტრიზე მტკიცებულება არ ყოფილა.

„ის, რომ მეუფე დიმიტრი ვერ დააკავეს და ამიტომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, ნინიას ბაღია? მტკიცებულება ვისზეც არის, იმას აკავებენ, მეუფე დიმიტრიზე რამე მტკიცებულება რომ ყოფილიყო, მას დააკავებდნენ. პროკურატურამ ადგა და მეუფე დიმიტრიზე მტკიცებულება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე გადმოიტანა? მაშინ კუკავამ ეს იურიდიულად უნდა ახსნას რა მოხდა. სასამართლოში გაირჩა ეს საქმე და 6 ადვოკატი ესწრებოდა, მეუფე დიმიტრის მტკიცებულებებზე გაირჩა ეს საქმე?“- აღნიშნა „მეტრონომთან“ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორიო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მას 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

იტვირთბა....