ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტთან შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს”: “ოცნება” რეზიდენციაში მიდის

“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრამდე “მეტრონომთან” კომენტარს აკეთებს.  მდინარაძის განცხადებით, პარტია პრეზიდენტთან შეხვედრას დასთანხმდა, თუმცა მათ იმის მოლოდნი ნაკლებად აქვთ, რომ ის მმართველი გუნდის შეთავაზებას გაიზიარებს.

დეპუტატის თქმით, “ოცნება” შეხვედრაზე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შესთავაზებს, რომ  ვეტო დაადოს იმ ორ საკითხს, რომელიც  პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკვე  შესთავაზა. მდინარაძის თქმით, ეს არის  ბონუსის სისტემა, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაშია ჩადებული და  უნდა გაუქმდეს, ხოლო 2020 წლისთვის პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების შექმნა. თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტს  და პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, მდინარაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდი  არ დაძლევს.

“ჩვენ პრეზიდენტს ვეტოს დადებას იმ ორ საკითხთან დაკავშირებით კვლავ შევთავაზებთ, რომლსაც ადრე თავადაც იზიარებდა. ამ საკითხების კონსტიტუციიდან ამოღებას არასაამთავრობო და ოპოზიციის ნაწილიც კი ეთანხმებოდა.

აქედან გამომდინარე მას მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვა სჭირდება და ვეტოს დადებით ეს პროცესი მალევე დაასრულოს. ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, რადგანაც  რეკომენდაციები მესამე მოსმენის დროს იყო და მისი  გატანა ვეღარ მოვასწარით. თუ ამას დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტი არ დასთანხმდება, მაშინ ამას ჩვენ გავაკეთებთ და ახალი ინცირება მოხდება”,-ამბობს მდინარაძე “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის შვიდი დეპუტატი მივა.  ესენი არიან,  უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები – მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, ვეტო 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვებასთან და ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისთვის გამოიყენოს.

იტვირთბა....