თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი შეუძლოდ გახდა. ის სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მისი ცემის ფაქტზე იკითხება. დავითაშვილმა დეტალების გახსენების დროს, თავი ვერ შეიკავა და ცრემლი მოერია.
მისი თქმით, 7 ნოემბერს, როდესაც პოლიციამ აქცია დაარბია, ხალხთან ერთად პარლამენტში შევიდნენ. სწორედ იქიდან ყველა ტელევიზიასთან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. დავითაშვილის განცხადებით, ის ბურჯანაძესთან მივიდა და დიალოგი შესთავაზა. სწორედ ამის ტელევიზიით ნახვის შემდეგ, სააკაშვილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეკრული იყო.
„ბუჯანაძემ ჩემთან საუბრის შემდეგ თანხმობა განაცხადა და მითხრა, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტიდან გამოეყვანა და დიალოგი ამის შემდეგ გაგვემართა. სააკაშვილმა, რომელიც პირდაპირ ეთერში უყურებდა ამ ყველაფერს, ჩათვალა რომ ბურჯანაძესთან ფარული გარიგება გვქონდა. მე არ მიმაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი ვიყავი. ჩემზე თავდასხმა მოაწყვეს, რომ აღარ დავბრუნებულიყავი. წავედი აპარატურის შესაძენად, რადგან დაგვიმტვრიეს“, – განაცხდა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ელიავას ბაზრობაზე გენერატორის საყიდლად წავიდა, რა დროსაც მაღაზიაში ათამდე ნახევრად სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი შევარდა და ხელკეტებით ცემა დაუწყეს. დავითაშვილის განცხადებით, ისინი დაფარავი სახით სასტიკად სცემდნენ. ბაზრობის მუშაკებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მის დახმარებას ცდილობდნენ. თუმცა თავდამსხმელებმა მიკროავტობუსი თავისი მძღოლით გაიტაცეს, ისიც ავტომობილში ჩასვეს და მისი ცემა იქაც გააგრძელეს.
“ჯერ გლდანის ციხეში მივყავდი, მერე ვიღაცამ დავალება მისცა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამიყვანეს. რეანიმაციაში მომათავსეს, მაგრამ არ იყო საჭირო ჩემი იქ მოთავსება. იქ ჩემი ბიძაშვილი მუშაობს, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდა და ტელეფონი მათხოვა. დავურეკე ბურჯანაძეს და ვუთხარი, რა დღეშიც ვიყავი“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
კობა დავითაშვილმა ჩვენების მიცემა დროებით შეწყვიტა, თუმცა საქალაქო სასამართლოში შესვენება არ გამოუცხადებიათ.
„მეორე დილით, მიხვდნენ, რომ ჩემი გარდაცვალება არ მოუტანდათ სარგებელს და გამათავისუფლეს სამხედრო ჰოსპიტალიდან“, – განაცხდა კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილის განცხადებით, ამ ცემის შემდეგ მას პოსტტრავმული სიმპტომები აქვს. ფეხებში მგრძნობელობა აქვს დაკარგული, რაც ნერვიულობამ გამოიწვია. მისი თქმით, ასევე ხერხემლის მალის ანთება აქვს.
კობა დავითაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ეტლით მიიყვანეს. დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.