ამ წუთებში, “ევროპული საქართველო” აქციას მართავს. აქციის მონაწილეები საკრებულოს მიერ თაბორის მთისა და პუშკინის ქუჩის ნაწილისთვის ზონის სტატუსის შეცვლას და მცდელობას, რომ ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადასცენ, პუშკინის სკვერში აპროტესტებენ.
„არ არსებობს ასეთი სითავხედე ვინმეს შერჩეს. არც თბილისია ის ქალაქი, რომელიც ასეთ სითავხედეს ვინმეს შეარჩენს, არც საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ასეთ სითავხედეს ვინმეს შეარჩენს. არ გამოვა, რომ აი ასე ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ მიაღწიონ გამარჯვებას. რომ მილიარდელმა ქალაქს მოსტაცოს, მოპაროს მიწა ბოტანიკური ბაღის და შეუერთოს თავის ეზოს. არ გამოვა, რომ გამოწკეპილი კალაძე ფოტოშოპში გადაღებული ვითომ მწვანე ნარგავებით, ვითომ გალამაზებული თბილისით იწონებდეს თავს. დღეს ვაჟბატონებს, „ქართულ ოცნებას“ თავისი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია ჰქონდათ „ჩემი საქართველო აქ არის“. ყველას საქართველო აქ არის მაგრამ საქართველო არ არის თქვენი ბოსტანი“,-განაცხადა გოკა გაბაშვილმა
მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით არ უნდა განმეორდეს ქვეყანაში ის, რაც წლების წინ ხდებოდა და თბილისელებმა არ უნდა დაუშვან, რომ 1 ლარად მილიარდერებმა მიიტაცონ დედაქალაქის ქონება.
„ზოგს ჰგონია რომ პროტესტს აზრი არ აქვს და ზოგს ჰგონია, რომ თუ დარბაზიდან ხელების მოგრეხვით ერთხელ გამოგვიყვანენ რაღაც გაუვიდათ. არაფერი არ გაუვიდათ ვერც ერთი ზონდერი, ვერც ერთი შეცდომაში შეყვანილი პოლიციელი, ვერც ერთი მილიარდელი ვერ გააჩერებს ჩვენ პროტესტს იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ იდეისთვის ვიბრძვით. ჩვენ ფულისთვის არ ვიბრძვით“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.