ახალი ამბები მთავარი სამართალი

შორენა თეთრუაშვილი: პატრიარქმა ვერ გაითვალისწინა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ კონსტიტუციური შეთანხმება დაარღვია

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა, ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ის სასამართლო პროცესზე, დაკითხვისას ამბობს, რომლის ჩანაწერიც “კურიერმა” მოიპოვა.

პატრიარქის მდივან-რეფერენტი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სახელწმიფოსა და საპატრიარქოს შორის ჯერ კიდევ 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ილია მეორემ გვერდი აურა. ის აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მეუფე იაკობს საპატრიარქოს სიმდიდრის განკარგვის უფლება ჩამოართვა, ეკლესიის შიგნით დაპირისპირება დაიწყო.

„პატრიარქი კი არ შეცდა, პატრიარქმა არ გაითვალისწინა, უკაცრავად, უფრო სწორედ, ვერ გაითვალისწინა ის შედეგი, რა შედეგიც მოყვა ამას. რა შედეგს ვგულისხმობ იცით, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქს, ქორეპისკოპოსს და მდივანს და რაკი მამა გიორგი მამალაძე არ იყო მდივანი და ამ ფუნქციით აღიჭურვა, ამან სამართლებრივადაც შექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სხვებისთვის გახდა სალაპარაკო თემა, სხვა ეპისკოპოსებისთვის. უწმინდესს შეეძლო, ეს უფლებამოსილება დაეტოვებინა, მაგრამ კანონთან მიმართებაში ხდებოდა აცდენა. შემდეგ უკვე ეპისკოპოსების განწყობა არ იყო მაინცდამაინც ისეთი სასურველი და ამან გამიწვია ის მდგომარეობა, რომ იგზავნებოდა წერილები ჩვენგან, საპატრიარქოდან მთავრობაში ვეღარ არეგულირებდა, ვისი ხელმოწერა უნდა გაეთვალისწინებინა. როდესაც ეუბნებოდნენ, სამართლებრივად არ აქვს მას ამის უფლება, თუმცა პატრიარქმა მიანიჭა ეს უფლება, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმებით არ ჰქონდა ამისი უფლება, ეს ქმნიდა დისკომფორტს და რაკი გარკვეული ურთიერთობებიც არ აეწყო მაინცდამაინც, ამიტომ გახდა ეს საპრობლემო თემა, რომ ამ ადამიანის ამ უფლებებით აღჭურვა ჩაითვალა ზედმეტად მისი უფლებების გაზრდად. თუმცა, მას თავისუფლად შეეძლო, ეს უფლებები არ ჰქონოდა და პრობლემებიც ნაკლებები იქნებოდა, შემოსაზღვრულიყო იმ ფუნქციით, რითაც თავიდან დაინიშნა,“ – განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

იტვირთბა....