ახალი ამბები მთავარი სამართალი

თეთრუაშვილის ჩვენება: პრობლემა იმან გამოიწვია, რომ მამა გიორგის იმაზე მეტი უფლებები მიეცა, ვიდრე ქორეპისკოპოსს ჰქონდა

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა, განაცხადა, რომ ქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა და საპატრიარქოში აღარ მიდიოდა.

ამის შესახებ თეთრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჩვენებაზე ისაუბრა, რომლის ჩანაწერსაც “კურიერი” ავრცელებს. მისი თქმით, კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ ქორეპისკოპოსი მისივე ნათულულის მამას, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსს, სოსო ოხანაშვილს ღიად დაუპირისპირდა.

„ვიდრე მამა გიორგი მოვიდოდა საპატრიარქოში და ფუნქციით აღიჭურვებოდა, რაც ახლა აქ წერია, მანამდე ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ხელს აწერდა ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი და მისი ხელმოწერილი წერილები მიდიოდა ხელისუფლებაში რეაგირებისთვის და იქიდანაც შესაბამისი პასუხი ბრუნდებოდა, ან დადებითი ან უარყოფითი. ასეთი შეთანხმება იყო, რომ მეუფე იაკობს უნდა გადაეგზავნა ეს წერილი, თუმცა მასზე ადრე ამ ფუნქციას ასრულებდა მეუფე თეოდორეც, მამა მიქაელ ბოტკოველიც. მერე განისაზღვრა ასე, რომ მეუფე იაკობი იქნებოდა ოფიციალური პირი ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით.

უსიამოვნება შეიქმნა მეუფე იაკობსა და იოსებ ოხანაშვილს შორის და ამ უსიამოვნებამ განაპირობა ის, რომ მეუფე აღარ მოდიოდა ხოლმე საპატრიარქოში და ცოტა კონტაქტი მასთანაც ჭირდა. ნაწყენი იყო მეუფე იაკობი იმ ურთიერთობით, რომელიც ჩამოყალიბდა მათ შორის და შემდეგ ესე დაისვა საკითხი, რომ ვინ იქნებოდა ის პირი, რომელიც ხელს მოაწერდა, ახლა როგორ გადაწყდა მამა გიორგი მამალაძეს მიენიჭა ეს უფლება, ამაზე მე ვერაფერს მოგახსენებთ. მას როგორც ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, შეეძლო, თავისი ფუნქციითაც შემოფარგლულიყო და ისე წარემართა საქმიანობა, რომ მხოლოდ აღრიცხვა და ქონების კლასიფიკაცია ყოფილიყო, მაგრამ მერე მე ფაქტი აღვასრულე უბრალოდ. თქვეს, რომ ეს ბრძანება უნდა დაიწეროს ამ სახით, ესეც კიდევ შევამოწმე პატრიარქთან და პატრიარქისგანაც მივიღე თანხმობა და ამან გამოიწვია პრობლემა. პრობლემა იმან გამოიწვია, რომ მამა გიორგის მიეცა იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე ქორეპისკოპოსს ჰქონდა, აღარ არის ლაპარაკი ეპისკოპოსებთან მიმართებაში,“ – განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

იტვირთბა....