„ევროპული საქართველო” ხვალ, 18 საათზე პუშკინის სკვერში აქციას აანონსებს. ამის შესახებ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ და საკრებულომ გუშინ გადაწყვიტა, რომ ამ ადგილზე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა და მოუნდა, რომ თავისი ეზო გაიფართოვოს, ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით დაუშვა ის, რომ აქ დაიწყოს მშენებლობები და ძალიან მალე უმზადებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაცემას, რომ წაგვართვან თბილისელებს ჩვენი კუთვნილი ადგილები,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, თაბორის მთაზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკვე შემოღობილია. მან ასევე აღნიშნა, რომ პუშკინის სკვერში ბიძინა ივანიშვილი საკრებულოს მიერ მიწის გადაცემის შემდეგ, სასტუმროსთვის საპარკინგე ადგილს გააკეთებს.
„ევროპული საქართველო” ხვალ მოუწოდებს ყველას, 18:00 საათზე, პირველ ოქტომბერს, პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ ეს უკანონობა, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის მიმართ, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება კანონის მიმართ და ვუთხრათ არა იმას, რომ ვინმემ, როდესმე მიიტაცოს ჩვენი ტერიტორიები,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, ორშაბათს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობაც” გააპროტესტებს. მათ აქცია ორშაბათს, მერიასთან დაგეგმეს.