დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს იმ პროცედურას, რომლის მიხედვითაც საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ყოფნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
“თბილისში 6 ოქტომბერს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვსურს განვმარტოთ, რომ:
ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა.
ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს.
ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია.
თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის.
მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას.”-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხმაური გამოიწვია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებამ, სადაც ის საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ყოფნისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
კერძოდ, წარმომადგენლობა 6 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველებს მიუთითებს, რომ ქუჩაში გადაადგილებისას თან დიდი თანხა არ იქონიონ, რადგან შესაძლოა ხალხმრავალ ადგილებში გაძარცვონ, ასევე, ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის რისკზეა ყურადღება გამახვილებული და შუქნიშნისა და ზებრა გადასასვლელების მიმართ მძღოლების უყურადღებობაზე, რაც ავარიების რისკს ქმნის…
საელჩო ბრიტანეთის მოქალაქეებს განცხადებაში ატყობინებს, რომ თბილისში არ ეძებონ საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ხოლო ქუჩები ეტლით გადაადგილებისთვის ადაპტირებული არ არის.