ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თელავის სოფელ ყარაჯალაში დირექტორის მიერ ჰიჯაბის გამო მოსწავლისთვის სკოლაში შესვლაზე უარის მიზეზის შესწავლა დაიწყო. საიას იურისტები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ სკოლის შინაგანაწესის შესწავლას და რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართავენ.
ამ თემაზე კომენტარს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარია ჯაშიც აკეთებს და აცხადებს, რომ სკოლა უნდა იყოს თავისუფალი, როგორც პოლიტიკისგან ასევე რელიგიისგან.
მოსწავლის მამა ასტანოვ თაჰირი განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს და სკოლის დირექტორს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს, რაზეც სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა პასუხობს, რომ შვილზე ზეწოლას თავად მშობლები ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა სკოლაში მე-7 კლასელი მოსწავლე არ შეუშვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას თავსაბურავი იგივე ე.წ. ჰიჯაბი ეკეთა.