კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მიმართა და შეახსენა, რომ ხვალ, 10:00 საათზე სამებაში შეიკრიბონ და ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულებს და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს. მე ადრე გითხარით, რომ ხუთშაბათობით გვექნება შეხვედრა, ხვალ 10:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით აქ, სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ, მთლიანობა დავიმსახუროთ. ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ მთლიანობას. ხვალ იქნება შეხვედრა სამებაში, მაგრამ მომავალში, რადგან ეს სამუშაო დღეა, ალბათ შაბათობით გვექნება შეხვედრები. ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ უნდა მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. რატომღაც ისეა მოწყობილი ადამიანის გონება, რომ ერთმანეთში ცუდს ვხედავთ და ნაკლებად კარგს. უნდა დავინახოთ სიკეთე, უნდა დავინახოთ სიყვარული, სიხარული. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ფილოსოფოსი კონფუცი ამბობს, რომ არ არის საკმარისი სხვამ გითხრას, რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ შენ უთხრა სხვას: „საყვარელო, მიყვარხარ“. ფსალმუნში ვკითხულობთ: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ხვალინდელი დღე მთლიანობის, საქართველოს, ქართველი ხალხის გამთლიანების დღეა, დასაწყისია გამთლიანების და შევთხოვთ უფალს, გვაუწყოს, გვითხრას, გვიჩვენოს გზა, რომელსაც ვიდოდეთ“, – ბრძანა პატრიარქმა.