თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოების გამო, 29 სექტემბრიდან მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
“მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება.
ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“. გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით,”-ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.