„თუ რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა, იგი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. ქართულ და თურქულ მხარეს ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ“, – ამის შესახებ სარფის საბაჟოზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე თურქეთის გენერალურმა კონსულმა განაცხადა.
იასინ თემისქანი სარფში აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს შეხვდა. გენერალური კონსული ამბობს, რომ საბაჟოზე მომხდარი ფაქტის შესწავლა უკვე მიმდინარეობს და თურქი სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერებს ეცნობიან.
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის განცხადებით, მას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟეებმა გადასვლის საშუალება არ მისცეს, წაართვეს პასპორტი და ტელეფონი, ასევე, ჟურნალისტზე და ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს. გადამღები ჯგუფი სარფის საბაჟოზე არსებული რიგისა და უკმაყოფილო მგზავრების შესახებ მასალის მომზადებას ცდილობდნენ.