ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ცნობილია. მასში აღნიშნულია, რომ კომისია ადასტურებს თავის წინა დადებით შეფასებას.

„ვენეციის კომისია ადასტურებს თავის წინა დადებით შეფასებას, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს ასრულებს და წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება მწუხარებას იწვევს და წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას კონსენსუსის მიღწევის გზაზე. ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნა, რომელიც მათ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში გამოთქვეს და რომელიც ეხება პარტიული ბლოკების დაშვებას და 2020 წლის არჩევნებზე ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევას, მისასალმებელია, რადგან ეს შესწორებები მიმართულია პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების გადავადების ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ.

ვენეციის კომისიის წინა პოზიტიური შეფასება, რომელიც ეხებოდა ძირითადად ამჟამინდელი შერეული პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლებას ეხებოდა, შეიცავდა ასევე იმ სამი მექანიზმის კრიტიკას, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტს მნიშვნელოვნად ზღუდავდა: 5-% ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში, პარტიული ბლოკების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადაცემა გამარჯვებული პარტიისთვის. მცირე პარტიებისა და პლურალიზმისთვის ამ საზიანო სისტემის ეფექტის შეზღუდვის მიზნით, კომისია გამოვიდა რეკომენდაციით: პროპორციული გადანაწილება ყველა პარტიისთვის, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს; ან გამარჯვებული პარტიისთვის გადანაწილებული ხმების რაოდენობაზე ზღვარის დაწესება; ან/და ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე შემცირება.

მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიისთვის წარდგენილი კონსტიტუციის პროექტი 2024 წლისთვის ინარჩუნებს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს და კრძალავს პარტიულ ბლოკებს, ის ცვლის გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემას და უნარჩუნებს, თუმცა ზღუდავს უპირატესობებს გამარჯვებული პარტიისთვის. მართალია, ეს ახალი სისტემა ითვალისწინებს ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციას და სულ მცირე, ამცირებს ბონუსური სისტემის შედეგებს, ის კვლავ ხელს უწყობს უძლიერეს პარტიას ქვეყანაში, სადა უძლიერესი პარტია ტრადიციულად, უმრავლესობას ფლობს ბონუსური სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ კონსტიტუციის მიღების გზაზე“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ შეფასებაში.

ვენეციის კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნას, გადავიდეს ბონუს სისტემიდან პროპორციული განაწილების სისტემაზე იმ პარტიებისთვის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სისტემა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია მიესალმება ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის არჩევისას საარჩევნო საბჭოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან ხმების ორი მესამედი იქნება საჭირო; ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობა იქნება საჭირო; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევას, სახალხო დამცველის უფრო დიდი ვადით არჩევას.

კანონპროექტის 22-ე მუხლის მიხედვით, გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ორგანულ კანონთან და არა ჩვეულებრივ კანონთან, ისევე, როგორც სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა შრომითი თავისუფლება და პოლიტიკური პარტიების თავისუფლება.

23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან უნდა იქნას ამოღებული ტერიტორიული ნიშნის მიხედვით პარტიების შექმნის აკრძალვა;

საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შეზღუდვა უნდა გადაიხედოს;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისა და პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე უნდა იძლეოდეს ამ მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიას.

იტვირთბა....