ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ სკანდალი გრძელდება, ამჯერად ერთმანეთს მეუფე იაკობი და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაუპირისპირდნენ. რამიშვილი „მეტრონომთან“ მეუფე იაკობის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც სასულიერო პირი მას მეუფე პეტრეს ,,მაბეზღარას” უწოდებს. ასევე მეუფემ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ახალაიების ჩანერგილი უწოდა.
ადვოკატი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მეუფე იაკობმა ამ განცხადებით, მისი პატივი და ღირსება შეურაცხყო, რის გამოც ის სასულიერო პირს სასამართლოში უჩივლებს. რამიშვილი მეუფეს მოუწოდებს, რომ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები დადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან.
რამიშვილის თქმით, გუშინ, “იბერიის” ეთერში გაკეთებული განცხადებით, ქორეპისკოპოსმა გირგვლიანის ოჯახსაც მიაყენა შეურაცხყოფა, რისთვისაც ის პასუხს აგებს. ადვოკატი ამბობს, რომ აქამდე ამ სიბინძურეში მონაწილეობას არ იღემდა და არ სურდა უნამუსო ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა. თუმცა მეუფე იაკობმა ის იძულებული გახადა, რომ აღარ გაჩუმდეს. რამიშვილი აცახდებს, რომ ამ ადამიანების სიბინძურეს სააშკარაოზე გამოიტანს.
„მეუფე იაკობს ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევს. ის ღირსების, პატივის და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, პასუხს აგებს. ცილისწამების ან დასაბუთება ან უარყოფა მოუწევს. ეს ადამიანი, რომელიც სასულიერო პირისთვის სრულიად შეუფერებელი ქცევით და განცხადებებით გამოირჩევა, შესაბამის პასუხს მიიღებს. ის თუ ვერ დადებს მტკიცებულებებს, რომ მე ახალაიების „აგენტი“ ვიყავი, მაშინ საჯაროდ ბოდიშს მომიხდის.
არ ვიცი ვისი დავალებით და რატომ აკეთებს ამ განცხადებებს. თუმცა ფაქტია, რომ პანიკაში არიან და აღარ იციან ვისზე რა თქვან. აქამდე ამ სიბინძურეში მონაწილეობის მიღება არ მინდოდა. ახლა უკვე პირადად მეხებიან და ამას აღარვის ვაპატიებ. როგორ შეიძლება მე ახალაიებთან რამე საერთო მქონოდა. გირგვლიანის საქმე პირველად მე ავიღე. ჰკითხეთ შალვა შავგულიძეს, ამის გამო რა აღარ გადავიტანე.
როგორ მდევნიდნენ და რა ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდი. ამ ცილისწამებას ვინმეს როგორ შევარჩენ. ფულიც კი შემომთავაზეს, რომ გირგვლიანის საქმეზე უარი მეთქვა.
ეს არის ცხონებული ირინა ენუქიძის და მთელი მისი ოჯახის შეურაცხყოფა. ადამიანმა ასეთი რამ როგორ უნდა იკადრო, მითუმეტეს ამხელა სასულიერო იერარქიის მქონე პირმა. აქამდე ხომ ხმას არ ვიღებდი, ახლა მაცადონ. ცალკე ეს ნანა კაკაბაძე, ვითომ უფლებადამცველი. რეებს არ კადრულობს. პანიკაში არიან ჩავარდნილები, რისი ეშინიათ?! მე ვიცი რისიც ეშინიათ და პასუხსაც კარგს მიიღებენ“,-ამბობს რამიშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ პარტიარქის ქორეპისკოპოსი ტელეკომპანია ,,იბერიას“ გადაცემა ,,ახალ ამბებში“ ჩაერთო და განაცხადა, რომ დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მეუფე პეტრეს ,,მაბეზღარაა”. მისივე თმით, მიხეილ რამიშვილი გიგრვლიანის საქმეზე შეგზავნილი იყო და ის ახლაც შეგზავნილია დეკანოზთან იმისთვის, რომ ,,იქიდან ამბები გამოიტანოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე“.
“მეტრონომი” მეუფე იაკობთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ავტორი: ელზა პაპოშვილი