ახალი ამბები მთავარი სამართალი

პატრულ-ინსპექტორზე თავდასხმისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გივი ა.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული 2017 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის და სახდელის სახით, სამართალდამრღვევს 5 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლოს სხდომის დარბაზში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი თავს დაესხა პატრულ-ინსპექტორს. ბრალდებულმა პოლიციის ლეიტენანტს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. იგი, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს თანამშრომლებს და გამოხატავდა აგრესიას სამართალწარმოების პროცესში ჩართული ყველა პირის მიმართ.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემულ საქმეზე იქნა წარმოდგენილი, სრულად აკმაყოფილებდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებულ მტკიცებულებათა სტანდარტს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 31 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....