ლვოვის ოლქის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია. ამის შესახებ ნათქვამია ლვოვის ოლქის სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის და შეფასების შემდეგ სასამართლომ, დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა, მტკიცებულებები კი დასაშვებად სცნო. აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დავით საყვარელიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
დავით საყვარელიძეს სასამართლო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ჯგუფის მიერ), 332-ე (სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანა) მუხლებით და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.