ახალი ამბები მთავარი სამართალი

კორტების საქმეზე მსჯავრდებულის მეუღლე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს,  – ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო ხვიტიამ  ჟურნალისტებს ბრალდებულის მიმართვა გააცნო. ირაკლი ფირცხალავა ფარული ჩანაწერების საქმეზე სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს და მისი ოჯახის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.

ბრალდებულის მეუღლის ინფორმაციით, მოწმემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დეტალებიც იცოდა. ნინო ხვიტია მიმართავს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს, რომ საქმის დეტალებით დაინტერესდნენ და ბრალდებულის ოჯახი, ხელისუფლების ზეწოლისგან დაიცვან.

„მივმართავთ პრეზიდენტს და სახალხო დამცველს, რომ დაგვეხმაროს იურიდიულად იმ დოკუმენტების გაფორმებაში, რაც საჭიროა მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის, საქართველოს მოქალაქეობაზეა საუბარი და შემდეგ, ჩვენ მივმართავთ ამერიკის და ევროპის სახელმწიფოების საელჩოებს, რათა მოვითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი. ეს ინფორმაცია ეხება უკვე, არა მარტო კორტების საქმეს, არამედ იური ვაზაგაშვილის საქმესაც. ამ ინფორმაციის გამოძიებას ითხოვს ჩემი მეუღლე,“ – განაცხადა ნინო ხვიტიამ.

ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს ირაკლი ფირცხალავაც. ფირცხალავა ამბობს, რომ გოგატიშვილის განცხადებით, მან რამდენიმე დღით ადრე იცოდა, რომ ვაზაგაშვილს მოკლავდნენ, რადგან ინფორმაცია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძისგან მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მოისმინა.

„გოგატიშვილი ახლაც რომ ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ნათლად გამოჩნდა მისი ე.წ. ბრიფინგიდან. მან არაფერი თქვა მთავარ საკითხზე, რაც მოუყვა სახალხო დამცველს. ჩემი ინფორმაციით, მან ისაუბრა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე, აღნიშნა, რომ მან რამდენიმე დღის წინ იცოდა, რომ მას მოკლავდნენ. აღნიშნული მან მოისმინა პროკურატურაში ყოფნისას მამუკა ვასაძის და მისი თანამშრომლების საუბრისას. ის ფაქტი, რომ იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებამ მოიშორა, მარტო გოგატიშვილს არ უთქვამს. ამაზე საუბრობდა ამერიკის წინა ელჩი, ჩემს კოლეგებთან პრივატულ საუბრებში. გამომდინარე აქედან, კობა გოგატიშვილი კორტების საქმის მთავარი მოწმე არ არის, ის ამ საქმეში ცრუ მოწმეა,“ – აცხადებს ირაკლი ფირცხალავა.

იტვირთბა....