ახალი ამბები მთავარი

რა სიახლეებს გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო, აქტიური და შინაარსიანი იქნება, როგორც ფორმალური განათლების ნაწილში, ისე დამატებითი აქტივობების თვალსაზრისით.

უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანა იგეგმება, ეს თამაშებია – ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ყოველწლიურად, სამაგიდო თამაშების ნაკრები სკოლაში განახლდება და ბავშვებს საშუალება ექნებათ მათემატიკა, ქიმია, ისტორია თუ ლიტერატურა, თამაშ-თამაშით ისწავლონ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის, საჯარო სკოლებში ახალი პროგრამის განხორცილებას გეგმავს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის დაგეგმილია მათი ასაკის შესაბამისი, სახალისო, პრაქტიკული აქტივობების შეთავაზება. საუკეთესო იდეებისა და პროექტების გამოსავლენად, სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კოლეჯებთან, უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება, მათ შორის – საღეჭი რეზინის, კანფეტის, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების(მაგალითად ჩიფსები).

გარდა ამისა, იკრძალება მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის, გაზიანი სასმელების გაყიდვა, გარდა მინერალური წყლისა.

სკოლების საკვები ობიექტების მეთვალყურეობას სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელებს.

არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორთან ხელშეკრულება გაუქმდება.

2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლების ნაწილი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირე კონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე, სასწავლო წლისთვის ერთი ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი 5 სკოლის მშენებლობა დასრულდება.

საქართველოში მდებარე 2085 საჯარო სკოლიდან დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 91 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის ბოლომდე ათასწლეულის ფონდის მიერ რეგიონებში 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

2018 წლის ბოლომდე კი კიდე 29 სკოლა სრულად რეაბილიტირდება. საბოლოოდ, 2019 წლისთვის სულ 100-მდე სკოლა იქნება ინფრასტრუქტურულად სრულად აღჭურვილი.

საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი – კერძოში.

წინა წლების მსგავსად, წელსაც უფასო სახელმძღვანელოებს საჯარო სკოლის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70001-ზე ნაკლებია.

სახელმძღვანელოების 60 პროცენტი – ახალდაბეჭდილი მიეწოდება სკოლებს, 40% კი – მეორადია. 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველ კლასელს ასევე პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემა საჩუქრად. კომპიუტერი დაურიგდებათ პირველკლასელების დამრიგებლებსაც.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

იტვირთბა....