დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ქალთა კვოტირება დაძალებაა და ასე არ უნდა იყოს. ის შესაბამისი კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია. დეპუტატი კითხვას სვამს: “საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?!”
“პატრიოტთა ალიანსის” წევრისთვის გაუგებარია რატომაა საჭირო გენდერული კვოტირება:
“ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. გინდათ, პოლიტიკაში წასვლა – წახვალთ და წინ არავინ გეღობებათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ?! – საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ემზარ კვიციანმა.