მერიის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს, რომელიც ამჟამად ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული, შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს, – ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლილი გელაშვილი აცხადებს. მის კომენტარს სააგენტო GHN-ი ავრცელებს.
„მის ექიმთანაც გვქონდა საუბარი და შესაძლოა ის საოპერაციო გახდეს. ციხის ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ თუ ექსპერტიზის დასკვნისა და ექიმების კონსილიუმით, ოპერაციის აუცილებლობა დადასტურდება, ხელს არ შეუშლიან.
აბესაძე ფსიქოლოგების ყურადღების ქვეშაც იმყოფება. მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის“, – აცხადებს გელაშვილი GHN-თან.
აბესაძის საქმეზე სასამართლო პროცესი 19 სექტემბერსაა ჩანიშნული. ადვოკატი ვერ აკონრეტებს, გადაიდება თუ არა სხდომა.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 11 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღმკვეთ ღონისძიებად სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.