საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, რომ სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ ლვოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში განცხადა უკვე შეიტანა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნული განაცხადი იურიდიული თვალსაზრისით, შეაჩერებს სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულებას. მისი თქმით, საუბარი არ მიდის დაცვის ფიზიკურ საშუალებებზე, არამედ სტატუსის მიღებაზე.
„აღნიშნული განაცხადის შეტანამ საიმიგრაციო სამსახურში უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.
„ჩვენ ჯერ ოფიციალურად არ მიგვიღია შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნა იყო. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს არაფერი შეუტყობინებიათ ჩვენთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან გვაქვს“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.