ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახს და ქვეყანას გაწირავს”

”შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით,  დიდი შეცდომა იქნება თუ ქართველი ხალხი კვლავ ამ მოჯადოებულ წრეებში მოექცევა და მიშა-ბიძინას დაპირისპირების ფონზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება. უსუფაშვილის თქმით, ის უკრაინელ მეგობრებსაც აფრთხილებდა, რომ სააკაშვილთან ფრთხილად ყოფილიყვნენ. მისი აზრით, სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ის ამისთვის არც საკუთარ ოჯახს და არც ქვეყანას არ დაინდობს.

“მე ყველაზე მეტად მაშფოთებს შესაძლო პრობლემები, ისედაც პრობლემებით სავსე უკრაინაში. ამ პრობლემებიდან განსაკუთრებით მაშფოთებს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია და დღემდე საკმაოდ მძიმე საკითხებს მოიცავდა. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებით შესაძლოა ამ მიმართულებებითაც შეიქმნას გართულებები.

მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უშრეტი ენერგია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ყველაფრის გაწირვისთვის. სააკაშვილი არ არის უნიკალური მოვლენა, მას ჰყავს ბევრი წინამორბედი სხვა ქვეყნებში და სხვა ერებში, ასევე თანამედროვეებიც, მაგალითად ვოლსკი.

გვარით ვოლსკია, მაგრამ არსით სააკაშვილია პოლონეთში. ადგილობრივი არჩევნების თემატიკა არის მნიშვნელოვანი. ის ვიცი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ქართველი ხალხი კვლავ ამ მოჯადოებულ წრეებში მოექცევა და მიშა-ბიძინას დაპირისპირების ფონზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....