პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად უკრაინის ელჩი დაიბარა. როგორც “რადიო თავისუფლება” იუწყება, ამის შესახებ ევროდეპუტატმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ განაცხადა.
სარიუშ-ვოლსკიმ უკრაინის ხელისუფლების ქმედებას არაცივილიზებული უწოდა და აღნიშნა, რომ ის ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე ამ საკითხზე საუბარს აპირებს. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლაზე უარი ეთქვა.
„მიგვაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა ყოველგვარ ევროპულ სტანდარტთან, რომლის შესრულების ვალდებულება უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა“, – განაცხადა სარიუშ-ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.