მიხეილ სააკაშვილმა „ინტერსითის“ მატარებელი დატოვა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერთან, იულია ტიმოშენკოსთან ერთად მედიისთვის ბრიფინგი გამართა, რადგან მიუხედავად ევროპარლამენტარის იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევისა, მატარებელი უკრაინის მიმართულებით ჯერ არ დაძრულა.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მგზავრების ნაწილმა მატარებელი დატოვა, ისინი სხვა გზით შეეცდებიან უკრაინაში გამგზავრებას. როგორც ცნობილია, მათ განუცხადეს, რომ ბილეთში გადახდილ ფულს აუნაზღაურებენ. ხოლო იულია ტიმოშენკომ კი განაცხადა, რომ ის და სააკაშვილი მატარებლის დატოვებას არ აპირებენ:
“ვფიქრობ, რომ ჩვენი ჯგუფი გადადგამს რამდენიმე ნაბიჯს. პირველად განცხადებით მივმართავთ უკრაინის გენერალურ პროკურორს, იმისათვის რომ შეზღუდეს ტრანსპორტის მოძრაობა და ეს პირდაპირი დარღვევაა კანონის. ჩვენი გუნდის, სახალხო დემოკრატების სახელით, პარამენტში დემოკრატიული ძალების სახელით, მივმართავთ გენერალურ პროკურორს, რომ უკრაინის პრეზიდენტი გასცემს კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს. თუ ჩვენ გვყავს გენერალური პროკურატურა, მაშინ შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მისცენ ხალხს უფლება, დაბრუნდნენ უკრაინაში. ამჟამად ჩვენ ჩავსხდებით მატარებელში და დაველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას”- განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
შეგახსენებთ,საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში ელოდებიან. კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეკრებილები არიან სააკაშვილის თანაგუნდელები, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად, საზღვართან მობილიზებულები არიან უკრაინის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ადამიანები, ე.წ. ტიტუშკები. ადგილზე შეკრებილები ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავენ.
თავდაპირველად სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადასაკვეთად ავტობუსით გაემგზავრა, მოგვიანებით კი მან გეგმები შეცვალა და პოლონეთიდან, უკრაინული მატარებლით გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა. მოგვიანებით, მას და სხვა მგზავრებს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მითითებით, განუცხადეს, რომ სანამ ის მატარებელს არ დატოვებდა, ტრანსპორტი უკრიანისკენ არ დაიძვრებოდა. შემდეგ კი ევროპარლამენტარის ჩარევით, ცნობილი გახდა, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება.